საბა საზონოვი - იტალიური ფეხბურთი მცველის განვითარებისთვის საუკეთესოა #1TVSPORT
საბა საზონოვმა იტალიურ „ტორინოში“ გადასვლის შემდეგ გუნდის პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების მცველმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ბოლო დღეები ძალიან სწრაფად გავიდა. ორი დღის წინ „დინამოში“ ვიყავი, ახლა კი „ტორინოს“ ფეხბურთელი გავხდი. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მამაჩემის წყალობით აქ ვარ. თამაშზე ვარ ორიენტირებული და აქ ყოფნა მიხარია.
როგორი მცველი ვარ? აგრესიული. რა თქმა უნდა, მიყვარს გოლის გატანა, მაგრამ ეს ვის არ მოსწონს? ვიცი, რომ იტალიური ფეხბურთი ტაქტიკაა, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მე ცენტრალური მცველი ვარ და იტალიის ლიგა ამ მიმართულებით განვითარებისთვის საუკეთესო ადგილია.
საქართველოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვითამაშე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდ გუნდში თამაშობს. მეც დიდ გუნდში ვითამაშებ და მოედანზე ბრძოლა მოგვიწევს.
მე ავირჩიე 15-ნომრიანი მაისური. „დინამოშიც“ ამ ნომრით ვთამაშობდი. მეჩვენება, რომ რიცხვი არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მომწონს მე-15. მინდა, მივესალმო „ტორინოს“ გულშემატკივრებს, მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა საზონოვმა ტურინის პრესსამსახურთან ინტერვიუში.