საბა მამაცაშვილი - ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, ელიგაში თამაში ძალიან მინდოდა #1TVSPORT
„სამტრედიასთან“ მატჩში „საბურთალოს“ შემადგენლობაში კიდევ ერთი საინტერესო დებიუტანტი გამოჩნდა – გუნდის აკადემიის აღზრდილი 19 წლის საბა მამაცაშვილი, რომელიც პირველ ემოციებს არ მალავს.
„ბედნიერი ვარ, ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, „საბურთალოს“ მთავარ გუნდში თამაში ძალიან მინდოდა. ბოლო მატჩებში 20-კაციან განაცხადში მოვხვდი და მქონდა იმედი, რომ მინდორზე გასვლა დღეს-ხვალ მომიწევდა. მოხარული ვარ, ეს დღე რომ დადგა. თავდაპირველად, ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მერე ეს ემოციები ფეხბურთელებმა გადამატანინეს. აქამდე დუბლებში ვთამაშობდი, რომელიც ლიგა-3-ში თამაშობს. ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობაა. ეროვნულ ლიგაში ბევრად მაღალი ტემპია და უფრო გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. „სამტრედიას“ წინააღმდეგ 10 წუთი ვითამაშე, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ტაიმი ვირბინე“, – ამბობს ეროვნული ლიგის დებიუტანტი.
საბა მამაცაშვილი მარცხენა მცველია, თუმცა უყვარს შეტევაში ჩართვა, ბურთის კონტროლი, საჯარიმოში ბურთის ჩაწოდება. აღიარებს, რომ გასაუმჯობესებელი ბევრი რამ აქვს:
„დაცვაში თამაში უნდა გამოვასწორო, თავით თამაში დავხვეწო, ფიზიკურად მოვძლიერდე. ფეხბურთი ბავშობიდან შემიყვარდა, დიდ დროს ბურთთან ვატარებდი. 5 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე შევედი და მას შემდეგ ძალიან შემიყვარდა. თამაში „ნორჩ დინამოში“ დავიწყე, შემდეგ იყო „ლოკომოტივი”, 10 წელიწადია კი „საბურთალოს“ ღირსებას ვიცავ“.
19 წლის მოთამაშემ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:
„მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრება მსურს, თუმცა ამისთვის ბევრი შრომა მომიწევს. ამხანაგურ მატჩებში მქონდა გამოცდილება და მომიწია რამდეიმეჯერ თამაში, მაგრამ საკონტროლო და ოფიციალური შეხვედრები ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდება. მომავალში თუ მომეცემა შანსი, ვეცდები გამოვიყენო და თავი კარგად წარმოვაჩინო“.