საქართველოს ნაკრებმა ფინეთში გამართული ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა. პანდემიის გამო, ერთ ქალაქში, „ბაბლის“ სისტემით ჩატარებულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს ერთბაშად 7 მოთამაშე დააკლდა. ასეთ სიტუაციაში გუნდის ბერძენმა თავკაცმა, ილიას ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება სუპერლიგის არაერთ მოთამაშეს მისცა და მათ შორის გახლდათ თსუ-ს ორი უკანახაზელი – საბა ლობჟანიძე და ლუკა ზაქრაძე.
ლობჟანიძეს ორივე შეხვედრაში, ჯამურად თითქმის 29 წუთი დაუთმო და ფინეთთან შეხვედრაში მეტოქის ლიდერის სალინის დაჭერა დაავალა, რომელიც ფინელთა მთავარი სნაიპერი და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. საბამ მწვრთნელისგან მიცემულ დროში – 3 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩების შემდეგ, გამომშვიდობებისას ზუროსისგან კონკრეტული დავალებები მიიღო და თბილისში დაბრუნებული, მომავალი სანაკრებო მატჩების დაწყებამდე სხვადასხვა კომპონენტის გაუმჯობესებაზე, თავის გუნდში თსუ-ში მუშაობს.
– ჩემთვის ნაკრებში გამოძახება დიდი პატივი იყო, ჯერ პირველი სანაკრებო ფანჯრის დროს, როდესაც ევრო-2022-ის შესარჩევი ეტაპი დავიწყეთ და ახლა კიდევ უფრო მეტად – მწვრთნელმა საკმაოდ დიდი დრო დამითმო და კონკრეტული ამოცანაც მომცა, ვიგრძენი რომ გუნდის სრულფასოვანი წევრი ვიყავი, მოთამაშე, რომლის მოედანზე ყოფნაც მნიშვნელოვანია.
– რა დაგავალათ ზუროსმა და საერთოდ როგორ მიგიღოთ გუნდში? რას ითხოვს თქვენგან?
– სერბეთთან და შვეიცარიასთან ჩატარებული მატჩების დროს, როდესაც ნაკრებში დებიუტი მქონდა, დამიძახა და მითხრა – ვიცი, რომ შეგიძლია შეტევა, კარგი სროლა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე მჭირდება დაცვაც და მჭიდრო მეურვეობაც. ფინეთთან მატჩში სალინის მეურვეობა დამავალა, ის კი მეტოქის მთავარი ვარსკვლავია და ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეული მოთამაშე, ეს გიორგი შერმადინისგანაც ვიცოდით და მოედანზეც დავრწმუნდით. არ იყო მარტივი მისი დაჭერა, მაგრამ ყველამ ერთად მისი და ფინეთის გაჩერება და გამარჯვება მოვახერხეთ.
– საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს. ამის მიუხედავად, გუნდი არ უჩივის მოტივაციის ნაკლებობას და შესარჩევ ჯგუფს ოთხი მატჩიდან ოთხი მოგებით ლიდერობს. როგორ ახერხებს ზუროსი თქვენს საბრძოლოდ განწყობას, რას გეუბნებათ მატჩების წინ?
– ჩვენთვის ნაკრებში თამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ეს უბრალო სიტყვები არ გახლავთ, ამას გუნდის თითოეული წევრი, მოედანზე საქმით ამტკიცებს. საქართველოს სახელით ითამაშო და მოტივაციის ნაკლებობა გქონდეს, მე პირადად არ მესმის. ფინეთში ჩატარებული მატჩების წინ ამ ყველაფერს დაემატა ის მძიმე ფონი, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია – პანდემია, გაჭირვება, წარუმატებლობები სპორტში, ფეხბურთისა და რაგბის ნაკრებების მარცხი და სხვისი არ ვიცი, და მე პირადად მეგობრებისგან არაერთი ასეთი შინაარსის შეტყობინება მივიღე – აბა, თქვენ იცით, უნდა მოიგოთ, ერთი პოზიტივი მაინც გვჭირდება. რაც დამეთანხმებით ასეთ დროს დიდი სტიმულია. ცხადია, ამას დაემატა ილიას ზუროსის ფაქტორიც, რომელიც კარგი ფსიქოლოგია და იცის როგორ დაქოქოს გუნდი. ის სულ საბრძოლოდ განგვაწყობს და გვახსენებს, რომ ჩვენ მებრძოლი ხალხის ქვეყანა ვართ და საქართველოს თითოეული გამარჯვება ძალიან სჭირდება.
ნაკრების წარმატებაში ზუროსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ამას ყველანი ვხედავთ. ზუროსი ინდივიდუალურად ზრუნავს თითოეულ მოთამაშეზე და ასე იყო ჩემს შემთხვევაში, მითხრა რომ სუპერლიგაში ჩემს თამაშებს აკვირდება და ახლაც, როდესაც საბერძნეთში დაბრუნდება აუცილებლად გააგრძელებს ჩემზე დაკვირვებას. ეს მოთამაშისთვის დიდი სტიმულია. ვიცი რომ ნაკრების მთავარი მწრთნელი მაკვირდება და რაც მთავარია მენდობა – 29 წუთი ორივე თამაშში, ცოტა ნამდვილად არ არის. მივიღე ძალიან კარგი რჩევები და დავალებები, რომელიც თებერვლის მატჩებამდე უნდა შევასრულო, რათა გუნდში ისევ მოვხვდე.
– ნაკრებმა 7 მოთამაშის გარეშე ითამაშა. ეს ბიჭები დაბრუნდებიან და კონკურენციაც გაიზრდება. ფაქტია ნაკრებში მოხვედრა სულ უფრო რთული ხდება. ამაზე რას გვეტყვი?
– ამ ამბავს ორი მხარე აქვს. დადებითი და უარყოფითი. რა თქმა უნდა, ცუდია რომ ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები გამოაკლდნენ, მაგრამ ეს შემთხვევა ზუროსმა კარგად გამოიყენა და სუპერლიგის ბიჭებს მეტი დრო დაგვითმო. მგონი თავი არ შეგვირცხვენია და ამით სუპერლიგის სხვა მოთამაშეებს კარგი მესიჯი გავუგზავნეთ – თუ მოინდომებენ, მეტს იმუშავებენ ნაკრებში თამაში შეუძლებელი არ გახლავთ. საქართველოს ნაკრების მაისურით ასპარეზობა ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა და ვფიქრობ ამ თვალსაზრისით სუპერლიგის სხვა ბიჭებს კარგი სამსახური გავუწიეთ, ნაკრებში მოხვედრის იმედი მივეცით.
– საქართველოს ჩემპიონატზეც გკითხავთ. რა იქნება თსუ-ს მიზანი ამ სეზონში, არსებული რესურსით ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეიძლება?
-კარგი გუნდი გვყავს. ამის თქმა განსაკუთრებით მას შემდეგ შემიძლია, რაც საბოლოოდ დავკომპლექტდით და მეტ-ნაკლებად შეთამაშება მოვახერხეთ. თუნდაც ბოლო ტურის მატჩი განვიხილოთ – „ტიტები“ რომელიც კარგი გუნდია და ჩვენთან შეხვედრამდე სულაც მაიკლ დიქსონით გაძლიერდა დამაჯერებლად დავამარცხეთ. ჩვენი პოტენციალი ბოლომდე არ გამოგვივლენია, მეორე წრიდან საგრძნობლად მოვუმატებთ და პროგრამა მინიმუმი ოთხეული იქნება, თუმცა საჩემპიონო ამბიციები გვაქვს და ვფიქრობ სამართლიანადაც, რადგან ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს.
– მაშინ ისიც გვითხარით ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად, ვინ იქნება ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა ამ სეზონში?
– „ქუთაისი“, რომელთანაც ძალიან ცუდათ წავაგეთ და ასეთი რამ უბრალოდ აღარ განმეორდება. მათთან რევანში გვაქვს ასაღები და კონკურენტებადაც განვიხილავთ. კარგი გუნდებია „რუსთავი“ და „ბათუმი“, ბოლო დროს მოძლიერდა „ცხუმ-აფხაზეთი“. ესაა ძირითადად, თუმცა ხელწამოსაკრავი გუნდი სუპერლიგაში ნაკლებად შეგხვდება. თავისი პლუსები ყველას აქვს. არ მოინდომებ, მეტოქეს დაუფასებლად მოექცევი და აუცილებლად დაისჯები. ამიტომაც, ნებისმიერ შეხვედრას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ჯერჯერობით საქმეც კარგად მიდის – სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ.
თსუ-ს პრეს-სამსახური