საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) თავის გამოჩენა ბოლო ტურშიც შეძლო. „ატლანტა იუნაიტედმა“ საშინაო არენაზე „მონრეალი“ 4:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პორტუგალიელ თანაგუნდელს, შანდე სილვას 30-ე წუთზე ანგარიშის გახსნაში დაეხმარა. ლობჟანიძე 71-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი დამაჯერებლად (3:1) იგებდა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა იუნაიტედმა“ 49 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა, თუმცა ამდენივე ქულის მქონე „ფილადელფიასა“ და „ნიუ ინგლანდზე“ ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში გადასვლის შემდეგ „ატლანტაში“ 6 შეხვედრა ჩაატარა, ის ყველა მატჩში სასარგებლო ქმედებით გამოირჩევა. საბამ 3 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.