საბა ლობჟანიძემ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) მორიგი გოლი გაიტანა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო კონკურენტ „ფილადელფია უნიონთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც „ატლანტა იუნაიტედმა“ 1:1 დაასრულა.
ეს მატჩი აღმოსავლეთ კონფერენციაში უმნიშვნელოვანესი იყო ორივე კლუბისთვის, რადგან სატურნირო ცხრილში მეზობელ პოზიციებზე მყოფები მოგებით პლეი ოფში გასვლას მიუახლოვდებოდნენ. „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 36 ქულით მეცხრე ადგილზე იყო, „ატლანტა“ კი 33 ქულით – მეთერთმეტეზე.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა, „ფილადელფიას“ კარი აიღო და კიდევ სამ თანაგუნდელთან ერთად, საუკეთესო შეფასება, 7,3 ქულა დაიმსახურა.
ანგარიში 61-ე წუთზე „ფილადელფიას“ მცველმა ნათან ჰარიელმა გახსნა. მაგრამ თერთმეტ წუთში „ატალანტამ“ წონასწორობა აღადგინა – ფლანგური გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი საბა ლობჟანიძემ თავური დარტყმით აიღო.
საბოლოოდ, „ატლანტა იუნაიტედი“ კონკურენტთან მხოლოდ ქულას დასჯერდა, მაგრამ გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.