დანიის სუპერლიგის ბოლო ტურში საბა ლობჟანიძემ ჩინებულად ითამაშა. „რანდერსმა“ „ლუნგბიუ“ 2:0 სწორედ მისი დუბლით დაამარცხა. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა 23 წლის ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
მეორე გოლის შემდეგ, ლობჟანიძე ტრიბუნებისკენ გაემართა და ხელის მოძრაობით საათზე მიანიშნა. რისი აღნიშვნა სურდა ამით, ფეხბურთელმა პირველ არხთან განმარტა.
„დამიან ლილარდი „პორტლენდის“ კალათბურთელია. ერთხელ, ბოლო წამზე გადამწყვეტი სროლით გუნდს მოაგებინა და საათზე მიანიშნა. მას შემდეგ რამდენჯერაც ასეთი რამ შეძლო, იმდენჯერ ეს ჟესტი გამოსახა. მართალია, მეორე გოლი შეხვედრის ბოლო წამზე არ გამიტანია, მაგრამ გადამწყვეტი იყო და საათზე ამიტომ მივანიშნე. ცხადია, დანიაში პირველი დუბლი ძალიან სასიხარულოა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან რაც უფრო მეტს ვაკეთებ, კიდევ უფრო მეტის მიღწევის სურვილი მიჩნდება. მინდა, რომ ამ ჟესტის გამეორების შესაძლებლობა კიდევ ბევრჯერ მომეცეს“, – ამბობს ლობჟანიძე.