საბა ლობჟანიძე - პრეტენზია თუ გვაქვს, ჯგუფში მეორეზე გასვლას უნდა ვეცადოთ
საბა ლობჟანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის წილისყრის შედეგებზე, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებს შეხვდება.
„ძალიან მომეწონა ჩვენი ჯგუფი, რადგან ბევრი კარგი გუნდი მოხვდა. რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, მაგრამ მე წილისყრის შედეგები მომეწონა. ესპანეთზე აღარაფერს ვიტყვი, შვედეთს პირველად შევხვდებით, საბერძნეთთანაც დიდი ხანია არ გვითამაშია, კოსოვოც ძლიერი გუნდია და წინ კარგი თამაშები გველოდება. რატომ არ შეიძლება, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდეთ? ანუ თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს, ამას უნდა ვეცადოთ. მესმის, რომ სიტყვით ყველაფრის თქმა შეიძლება, მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ.
საქართველოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელი უნდა დაინიშნოს თუ ქართველი? – საბამ ამ საკითხზეც ილაპარაკა: „კარგი იქნებოდა, იურგენ კლოპი რომ დანიშნონ, მაგრამ მეეჭვება, გამოუშვან. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, უცხოელს თუ დანიშნავენ. თუმცა, ცუდი არც ქართველი იქნება. ამაზე დიდად არც მიფიქრია“.
მან უარყო, რომ კლუბში გოლის გატანისას ცნობილ ჟესტს („ახლა ჩემი დროა“) ნაკრებში გამოუძახებლობის გამო აკეთებდა: „ეს ნაკრებს არანაირად არ უკავშირდებოდა და არც მწვრთნელს მივანიშნებდი მიწვევის აუცილებლობაზე. უბრალოდ, ეს ჟესტი მომწონს და ვაკეთებ, რომ ახლა საბას დროა“.
ბევრი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ ვაისმა საბა ნოემბრის გადამწყვეტ სანაკრებო შეხვედრებში სათანადოდ არ გამოიყენა. ლობჟანიძემ ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა: „ვერ ვიტყვი, მწვრთნელმა ჩემი უთამაშებლობით შეცდომა დაუშვა თუ არა. მოედანზე რომ ვყოფილიყავი, ყველაფერს გავაკეთებდი, რაც შემიძლია, მაგრამ წარსულზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. მთავარი მომავალი შეხვედრებია“.