საბა ლობჟანიძე მალტასთან მოგებით გახარებულია. თუმცა, დანიური „რანდერსის“ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ საგოლე მომენტების გამოუყენებლობით უკმაყოფილო დარჩა.
„მალტასთან კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი მომენტი გვქონდა პირველ ტაიმში და უნდა გაგვეტანა. მომენტების გამოუყენებლობა ერთ-ერთი პრობლემაა. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით, რადგან ერთა ლიგამდე მხოლოდ ეს თამაში დაგვრჩა. გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ 5 ივნისსაც წარმატებას მივაღწიოთ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 1-ელ ივნისს ავსტრიის ქალაქ შვაცის „ზილბერშტადტ-არენაზე“ მალტასთან 1:0 მოიგო. „ჯვაროსნებმა“ მიზანს მხოლოდ 89-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გურამ კაშიამ გოლად აქცია 1:0. თუმცა, საქართველოს ნაკრებს ბევრად მეტის გატანა შეეძლო: მარტო პირველ ტაიმში სამი რეალური საგოლე მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა.