საბა ლობჟანიძე - მიყვარს NBA და რომ არა ფეხბურთი, შესაძლოა, კალათბურთელი გამოვსულიყავი #1TVSPORT
„ატლანტა იუნაიტედის“ პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა გუნდის ახალწვეულს, საბა ლობჟანიძეს, რომელმაც შაბათს გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა „ნეშვილთან“ (4:0). საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის სადებიუტო მატჩი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა, ქუსლით ეფექტური გოლის გატანა მოახერხა.
– რამ გიბიძგათ „ატლანტა იუნაიტედში“ გადმოსვლისკენ?
– „ატლანტა“ კარგი გუნდია კარგი ისტორიით, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ასევე, მიყვარს კონკურენცია და გამოწვევები. ვიცი, რომ ეს გუნდი კონკურენტუნარიანია. ყველაფერი მართლაც საოცარია – სტადიონი, გარემო.
– გვიამბეთ თქვენს ქვეყანაზე.
– ვცხოვრობდი თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა და იქ ყველაფერი უნდა ნახოთ. ჩვენ გვაქვს მთები, ზღვა და ბევრი ლამაზი ადგილი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა.
– რა არის თქვენი პირველი საფეხბურთო მოგონება?
– სპორტი მამაჩემს უყვარს. ორი უფროსი ძმა მყავს და ფეხბურთზე შეიყვანა, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდათ. თამაში ოთხი წლის ასაკში დავიწყე. პატარა ვიყავი, რადგან დანარჩენი ბავშვები ხუთი, ექვსი, შვიდი წლის იყვნენ.
– რა მეტსახელი გაქვთ?
– ნაკრებში ყველა ლობას მეძახის.
– სამი სიტყვით საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით?
– კონკურენტუნარიანი, მშრომელი და მიზანდასახული.
– როგორ დაახასიათებდით თქვენს სათამაშო სტილს?
– მე თავდამსხმელი ვარ. ჩემი ამოცანა ბოლო პასის გაკეთებაა და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. ასევე, ძალიან სწრაფი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ტემპით და ბოლო პასით დავეხმარო. მიყვარს გოლების გატანა და აუცილებლად გავიტან. ბავშვობაში მამაჩემი ყოველდღე ქუჩაში მავარჯიშებდა დრიბლინგსა და დარტყმებზე.
– თამაშისთვის როგორ ემზადებით?
– მართალი გითხრათ, არ მიყვარს რიტუალები, რადგან ხანდახან ამაზე ზედმეტად ფიქრობ. ამიტომ უბრალოდ ვცდილობ, მხნედ ვიყო. ხანდახან მუსიკას ვუსმენ, მაგრამ ამ კუთხით განსაკუთრებული არაფერი მაქვს.
– რთულ პერიოდში რა გეხმარებათ?
– ამ დროს მიყვარს ვარჯიში, რადგან ზედმეტად არ ფიქრობ და უბრალოდ კონცენტრირდები. ეს ძალიან მეხმარება, ამიტომ მიყვარს ვარჯიში და თამაში.
– რისი გაკეთება მოგწონთ გრძელ მოგზაურობებში ან გუნდთან ერთად ფრენისას?
– პირველ რიგში, ვცდილობ, დავიძინო. თუ ვერ ვიძინებ, დროის გასატარებლად მუსიკას ვუსმენ ან თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ.
– ფეხბურთი რომ არ გეთამაშათ, რას გააკეთებდით?
– მე მიყვარს სპორტი, ამიტომ რაღაც სპორტთან დაკავშირებული უნდა ვყოფილიყავი. მომწონს NBA. ასე რომ, შესაძლოა, კალათბურთელი გამოვსულიყავი.
– ვინ არის NBA-ში თქვენი საყვარელი მოთამაშე?
– კობი ბრაიანტი. მისი ყურებით გავიზარდე, მაგრამ ახლა ჩემი საყვარელი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმია.
– რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
– მაკარონი. მიყვარს სპაგეტი, რადგან ვიცი მისი მომზადება.
– გაქვთ საყვარელი სატელევიზიო შოუ?
– ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო „სამეფო კარის თამაშებია“.
– რაც შეეხება შენს საყვარელ ფილმს?
– „ფორესტ გამპი“. ძველი, მაგრამ კარგი ფილმია.
– რა ტატუები გაქვთ და რას ნიშნავს ისინი?
– მკლავზე ფრთა მახატია. მას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. უბრალოდ, მომწონს. ასევე მაქვს ანგელოზის გამოსახულება და მაწერია ჩემი დაბადების წელი, კიდევ თორის ჩაქუჩი „მარველიდან”. როცა გამაქვს, გოლს მაჯაზე დახატული საათით აღვნიშნავ. მიყვარს სისწრაფე და ამას უკავშირდება კიდევ ერთი ტატუ – ელვა. მომავალში ალბათ კიდევ გავიკეთებ…
– რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თქვენს საფეხბურთო კარიერაში?
– დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო.
– „ატლანტაში“ ყველაზე მეტად რა გაღელვებს?
– ყოველი მატჩი. მე მიყვარს კონკურენცია. აქ მოსაგებად მოვედი, ამიტომ ყოველ თამაშში შევეცდები, სამი ქულა მოვიპოვო.