დანიის სუპერლიგის „რანდერსში“ გადასულმა საბა ლობჟანიძემ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და ნელ-ნელა მისი ლიდერი გახდა.
სუპერლიგის ბოლო ტურში „რანდერსმა“ „სონდერისკე“ 3:0 ქართველის ჰეთთრიქით დაამარცხა. ლობჟანიძემ ექვს შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და დანიაში არსებული წესით, მატჩის ბურთი სამახსოვროდ გადასცეს.
პირველ არხთან ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ასეთი შედეგიანი თამაში კარიერაში არ ჩაუტარებია.
„სამი გოლი მხოლოდ ბავშვობაში გამიტანია. ასეთი შედეგი საქართველოს ჩემპიონატშიც არ მიჩვენებია. ასე რომ, პროფესიულ დონეზე პირველი ჰეთთრიქი „სონდერისკესთან“ შევასრულე, რაც ძალიან მახარებს, რადგან დანიაში საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატია. იმედია, ეს უკანასკნელი ჰეთთრიქი არ იქნება და გუნდს კიდევ ბევრ შეხვედრაში დავეხმარები“, – ამბობს ლობჟანიძე.