საბა ლობჟანიძე - ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად ფეხბურთი მეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მონღოლეთთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციას ვილი სანიოლთან ერთად ესწრებოდა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„მონღოლური ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ვიცით ქვეყნისა და მისი ისტორიის შესახებ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. მოედანზე გასვლისას ასი პროცენტით ვიხარჯებით და ახლაც ასე იქნება.
ყველამ იცის თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ეპიცენტრში მოვხვდი. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება, რადგან ყოველდღიური ვარჯიშების ფონზე ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.
საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).