საბა ლობჟანიძე - დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე ერთ-ერთი პირველია ლეგიონერებიდან, რომელიც საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
თურქული „ჰატაისპორის“ 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გუნდის სხვა წევრებთან ერთად „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა და მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა.
„ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ, კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ“, – ამბობს თურქული „ჰატაისპორის“ შემტევი.
საბა ლობჟანიძემ ამ შეხვედრების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა:
„საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან, ერთად ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ“.