საბა კვირკველიას რეკორდი - ქართველი მცველი რუსულ სიმბოლურში დასახლდა
რუსეთის პრემიერლიგაში ბევრ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და ბევრი მათგანი საუკეთესოებში ხშირად დაუსახელებიათ.
მაგრამ არასოდეს ქართველი რუსეთში ასეთ პატივში არ ყოფილა, როგორც საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია – 25 წლის ქართველი წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს და შეიძლება ითქვას, რუსეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ლამის დაიჯავშნა.
მე-20 ტურში, მოსკოვის “ლოკომოტივმა” სტუმრად “ტოსნო” 3:1 დაამარცხა, 20 ტურში 45 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტები, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” და თანაქალაქელი “სპარტაკი” 8 ქულით ჩამოიშორა და ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის გამარჯვებული გახდა.
კვირკველიამ “ტოსნოსთან” შეუცვლელად ითამაშა და ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა, ვალერი გაზაევმა ინტერნეტ-გამოცემა “ჩემპიონატის”-ის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
“მოსკოვის “ლოკომოტივში” გადასვლის შემდეგ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური მცველი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი განვლილ ტურშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა და “ტოსნოს” წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა” – წერს გაზაევი.
საინტერესოა, რომ მან წლეულს გამართულ 20 ტურში საქართველოს ნაკრების მცველი სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდედ დაასახელა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.