საბა კვირკველია - ვარიანტები მქონდა, მაგრამ არჩევანი აზერბაიჯანული კლუბის სასარგებლოდ გავაკეთე #1TVSPORT
საბა კვირკველია - ვარიანტები მქონდა, მაგრამ არჩევანი აზერბაიჯანული კლუბის სასარგებლოდ გავაკეთე #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ ბაქოს „ნეფთჩის“ ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ „აზერისპორტის“ კორესპონდენტის კითხვებს უპასუხა.

– როგორ მოეწყვეთ აზერბაიჯანში?

– ვფიქრობ, რომ კარგ გუნდში მოვხვდი. „ნეფთჩის“ აქვს ისტორია და ტრადიციები. მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ვარიანტები მქონდა, მაგრამ არჩევანი აზერბაიჯანული კლუბის სასარგებლოდ გავაკეთე, სადაც შემიძლია ვითამაშო ევროტურნირებზე, ვიბრძოლო ჩემპიონობისთვის და გავაგრძელო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთი ამბიციები მაწყობს, რადგან სადაც არ უნდა მეთამაშა, ჩემი გუნდები ყოველთვის სამეულისთვის იბრძოდნენ. გუნდში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ რომ ჩამოვედი, უკვე მყავდა ნაცნობები, რომლებსაც რუსეთიდან ვიცნობდი და ძალიან კარგად მიმიღეს. ჩვენ ვმეგობრობთ. ამიტომ, ადაპტაციის დისკომფორტი საერთოდ არ განმიცდია. დილით სიამოვნებით მივდივარ ბაზაზე ბიჭების სანახავად და სავარჯიშოდ. აი, ასე ვგრძნობ თავს.

– ყველაფერი ასე მარტივადაა „ნეფთჩიში“ თუ შენმა გამოცდილებამ ითამაშა თავისი როლი, იმის გათვალისწინებით, რომ შენთვის სწრაფად დაიკავე ადგილი ძირითადში?

– მე სხვანაირად ვუდგები ამ საკითხს. რაც არ უნდა გამოცდილი იყო, გუნდში ადვილად ვერსად მოხვდები. კლასი უნდა დაადასტურო ყოველ ვარჯიშზე. რაც არ უნდა კარგი კარიერა მქონდეს და რაც არ უნდა მომეგო, რა პირადი ჯილდოც არ უნდა ამეღო, ეს ყველაფერი არ მაძლევდა გარანტიას. წარსულ წარმატებებს რომ დავყრდნობოდი, კარგ დონეზე ვერ ვითამაშებდი. აქ მოვედი და ყველა ვარჯიშზე 100 პროცენტით ვიხარჯები. ამას ყოველდღე გავაკეთებ და ყველას დავუმტკიცებ – სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელობას, რომ უბრალოდ არ მოვსულვარ. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ცხვირის აწევა ჩემი საქმე არაა. ჩემი სახელისა და გვარის გამო კი არა, მწვრთნელი იმის გამო უნდა მენდოს, რასაც მოედანზე ვაჩვენებ.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის პირველ მატჩში კვიპროსის „არისთან“ მარცხის შემდეგ (0:2), „ნეფთჩიმ“ 3:0 მოიგო. მიუხედავად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებისა, გუნდის თამაში საპასუხო მატჩში ყველას არ მოეწონა. ამაზე რას იტყვით?

– ვისაც ჩვენი თამაში არ მოეწონა, სპორტის სახეობის შეცვლას ვთავაზობ. მეტოქეზე მთელი მატჩის განმავლობაში ზეწოლას ვახორციელებდით, მთელი სტადიონი გვქომაგობდა, ვიბრძოდით და საბოლოოდ სამი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მე-3 ტურში ავსტრიულ „რაპიდთან“ მატჩს რაც შეეხება, შანსები ყოველთვის არის.

– თქვით, რომ „ნეფთჩმა“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პირველი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. გესმით, რომ არსებობს „ყარაბაღი“, რომელიც ობიექტურად ყველა კლუბზე მაღლა დგას?

– მერე იყოს! რაც მეტი ძლიერი გუნდია, მით უკეთესი. არის „ყარაბაღიც“, არის „ნეფთჩიც“ და სხვა გუნდები, რომლებიც ყველასთან იბრძოლებენ. ასე სეზონი უფრო საინტერესო იქნება. თუ მოედანზე გასვლისას იცი, რომ ასე სამ ქულას არავინ მოგცემს, მაშინ ეცდები უკეთ ითამაშო. ეს უკეთესია, ვიდრე მოედანზე გამოსვლა და 4:0 ან 5:0 მოგება. ჩვენ არ ვუყურებთ მეტოქეებს, ვიწყებთ საკუთარი ამბიციებით. ყველამ ვიცით, რომ „ნეფთჩი“ მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

– აზერბაიჯანში ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. რომელიმე მათგანს გადაწყვეტილების მიღებამდე თუ ესაუბრე?

– დროც არ მქონდა ვინმესთან სასაუბროდ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. სახლში ვიჯექი, „ნეფთჩის“ ინტერესის შესახებ რომ მითხრეს და ერთი საათის შემდეგ ჩანთებს ვალაგებდი თურქეთში გასაფრენად და სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

– თქვენს პოზიციაზე ვალერი აბრამიძე თამაშობდა, „ნეფთჩის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ქართველი ვარსკვლავი კი გიორგი ადამიაა.

– ყველას ვიცნობ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა მოთამაშე ერთმანეთს იცნობს. ვინც სად მიდის, ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ. ადამიაზეც უკვე მითხრეს. კარგია, რომ იმ კლუბში, სადაც მე ვთამაშობ, ქართველ ფეხბურთელებს ასეთ პატივს სცემენ.

– იქნებ თქვენც გახდეთ კლუბის ახალი ლეგენდა? გსურთ დატოვოთ თქვენი კვალი „ნეფთჩიში“?

– ვეცდები და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თუ შედეგი იქნება, მაშინ ყველაფერი დანარჩენი ავტომატურად მოვა. მთავარია შედეგი. არ დავჯდები და ვიფიქრებ, როგორ გავხდე „ნეფთჩის“ ლეგენდა. ახლა ჩემი ამოცანაა, 4 აგვისტოს „რაპიდთან“ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. თაყვანისმცემლებმა თავად გადაწყვიტონ, ვინ არის ლეგენდა და ვინ არა.