საბა კვირკველია - საქართველოს ნაკრებში წინსვლაა, წარმატებას საკლუბო ფეხბურთშიც ველოდებით #1TVSPORT
ბაქოს „ნეფთჩის“ ქართველ მცველს, საბა კვირკველიას „აზერისპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან აზერბაიჯანში ჩატარებული პირველი სეზონი შეაფასა და საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანში პირველი სეზონით კმაყოფილი არ ვარ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და თუ გუნდი შედეგს ვერ აღწევს, ეს რთული გადასატანია, შედეგზე ყველა პასუხისმგებელია, ამიტომ უკეთესი სეზონის იმედი მაქვს.
საქართველოს ნაკრებებში საქმეები კარგად მიდის. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და იქ პენალტების სერიაში დამარცხდა, ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია.
ახალგაზრდულ ნაკრების ფეხბურთელებს მთავარ ნაკრებშიც იძახებენ, ისინი კარგ კლუბებში თამაშობენ. ეროვნულ ნაკრებში ბევრი კარგი მოთამაშეა, განსაკუთრებით, შეტევაში, სანიოლის სახით კი მაღალი დონის მწვრთნელი გვყავს. ჩვენ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს. შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, მაგრამ ეს რთული იქნება, იმედებს უფრო მეტად ერთა ლიგაზე ვამყარებთ, სადაც ჯგუფი მოვიგეთ და ახლა მოვლენების განვითარებას ველოდებით. ნახევარფინალში და ფინალში მხოლოდ ერთი თამაში იქნება, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და შანსებიც გვაქვს.
საკლუბო ფეხბურთს რაც შეეხება, საქართველოს ჩემპიონატი ვითარდება, დონე მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონები აშენდა, კარგი ლეგიონერები მოდიან. ასე რომ, საკლუბო ფეხბურთშიც წარმატებებს ველოდებით“, – ამბობს საბა კვირკველია.