საბა გოგლიჩიძე ქუთაისელებს დაემშვიდობა - „ტორპედო“ ყოველთვის ჩემი საყვარელი გუნდი იქნება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა, რომ გუნდი საბა გოგლიჩიძემ დატოვა. 19 წლის მცველმა კი კლუბს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გამოცემა tuttomercatoweb-ის ცნობით, გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატის (სერია A) გუნდში, „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
„ქუთაისელი ვარ, თამაში „ტორპედოში“ დავიწყე და ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა. „ტორპედოში“ ყველანაირი რესურსი და ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ განვითარდე, გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი.
ვფიქრობ, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმიყვანა იმ დონემდე, რომ ახალ ეტაპზე გადავიდე და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვიყო. მთავარ გუნდში ჩემს გადასვლაში წვლილი ბევრს მიუძღვის. თანაგუნდელები ჩემი მეგობრები არიან. მათი დამსახურებაა, დღეს რაღაცას რომ წარმოვადგენ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
ახალგაზრდებს ვეტყვი, იშრომონ, რადგან დაუფასდებათ. ამ კლუბში არაა იმის პრობლემა, რომ ახალგაზრდას ყურადღებას არ მიაქცევენ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. გულშემატკივრებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ისეთი მეგობრული დამოკიდებულება, როგორიც ჩვენსა და „ტორპედოს“ ფანებს შორის არის, სხვა გუნდებში არ მინახავს.
მნიშვნელობა არ აქვს, კარიერას სად გავაგრძელებ, „ტორპედო“ ყოველთვის ჩემი საყვარელი კლუბი იქნება, ყოველთვის მისი ქომაგი ვიქნები და მისი წარმატება სულ გამიხარდება“, – ამბობს „ტორპედოს“ პრესსამსახურთან ინტერვიუში საბა გოგლიჩიძე.