საბა გოგლიჩიძე მეშვიდე ქართველი ფეხბურთელია, ვინც სერია A-ში ითამაშა - ქართველი მცველის დებიუტს იტალიური მედია გამოეხმაურა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ჩაირიცხა, დებიუტი კი 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“ გასვლით მატჩში ჰქონდა და შესანიშნავი შეფასება მიიღო – 7,4 ქულა.
20 წლის გოგლიჩიძე კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ლუკა ლოჩოშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, საბა საზონოვისა და გიორგი კვერნაძის შემდეგ მეშვიდე ქართველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის სერია A-ში ითამაშა. „ემპოლიში“ იყო რომან ჭანტურიაც, მაგრამ მას ძირითად გუნდში არ უთამაშია.
საბა გოგლიჩიძის თამაში იტალიურმა მედიამ დადებითად შეაფასა.
Lanazione – „გოგლიჩიძეს თამაშის დროს მხოლოდ ერთი წარუმატებელი ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში სერია A-ში გამორჩეული სადებიუტო თამაში გამოუვიდა“.
Calciomercato – „20 წლის გოგლიჩიძე „ბოლონიასთან“ მატჩის დასაწყისში ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ შემდეგ დამშვიდდა, დიდი ყურადღებით ითამაშა და კარგი მატჩი ჩაატარა“.
საბას დებიუტს სერია A-ს ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა: „გოგლიჩიძემ სერია A-ს პირველ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე ოთხიდან ოთხი მოგებული ორთაბრძოლაა, შვიდჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან, სამი გადაცემა ჩაჭრა, ხოლო მეტოქეს ბურთი ექვსჯერ აართვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სერია A-ში, საბა“.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე მეექვსე ქართველი ფეხბურთელია. ამჟამად ყველაზე მეტი ქართველი იტალიის სერია A-შია – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“) და საბა საზონოვი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ტორინომ“ იჯარით „ემპოლიში“ გაუშვა და გოგლიჩიძის თანაგუნდელი გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ორი „ჯვაროსანია“ – გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) და ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“), ხოლო ერთი წარმომადგენელიც ესპანეთის ლა ლიგაში თამაშობს – გიორგი მამარდაშვილი წლევანდელ სეზონს „ვალენსიაში“ იჯარით გაატარებს, მომავალი სეზონიდან კი ინგლისის პრემიერლიგაში გადაინაცვლებს და კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.