საბა გოგლიჩიძე - მადლობა მწვრთნელებს ნდობისთვის, ვეცდები, მათ იმედები არ გავუცრუო #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე - მადლობა მწვრთნელებს ნდობისთვის, ვეცდები, მათ იმედები არ გავუცრუო #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძისთვის ბოლო პერიოდი კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ „ემპოლიში“ გადასულმა მცველმა 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“ სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა (ძირითად შემადგენლობაში იყო), ვილი სანიოლმა კი ორ დღეში ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

20 წლის დებიუტანტმა ეროვნულ გუნდში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევრო 2024-ზე ეროვნული გუნდის თამაში მისთვის დიდი მოტივაცია იყო.

„ნაკრებში შესანიშნავი გარემოა, თანაგუნდელები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს.

ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი, ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს ჩემთვის მოტივაცია იყო, რადგან შემეძლო ნაკრებში მოხვედრა.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველივე შეკრებაზე გამომიძახეს. მინდა, მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ მათ იმედები არ გავუცრუო“, – განაცხადა საბა გოგლიჩიძემ.

სექტემბერში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ერთა ლიგის მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.