საბა გოგლიჩიძე „ინტერთან“ გააძევეს - „ემპოლი“ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძისთვის სერია A-ში „ინტერთან“ შეხვედრა უიღბლო გამოდგა, მოედნიდან გააძევეს, მისი გუნდი კი მილანელებთან 0:3 დამარცხდა.
იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში „ემპოლიმ“ „ინტერს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. 29-ე წუთზე ქართველი მცველი მარკუს ტურამს ეუხეშა და არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეორეფერის შეტყობინების და ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და მოედნიდან გააძევა.
„ინტერმა“ რიცხობრივი უპირატესობით მეორე ნახევარში ისარგებლა. მატჩის გმირი მილანელთა ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი გახდა, რომელმაც 50-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. თავისი გოლი ლაუტარო მარტინესმაც (79) გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ემპოლი“ 10 ტურის შემდეგ 11 ქულით დარჩა და მე-11 პოზიციაზე დაქვეითდა, „ინტერმა“ კი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და მეორე პოზიციაზეა. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, დიდი ალბათობით, ერთმატჩიან სასჯელს არ აკმარებენ და სერია A-ს ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.