საბა ბუაძე - მოლაპარაკებაში რაღაც ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ შედგეს შეთანხმება
საბა ბუაძე - მოლაპარაკებაში რაღაც ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ შედგეს შეთანხმება

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მედიაციის პროცესი მიუხედავად იმ გზავნილებისა, რომლებიც გვესმის ხელისუფლებიდან, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ.

ბუაძემ მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაც, რათა შედგეს შეთანხმება.

„სულ ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები არის უსაგნო და უშინაარსო, რითაც ფაქტობრივად კარი მიუხურა არა მხოლოდ ქართულ ოპოზიციას, არამედ ევროკავშირს და პირადად, შარლ მიშელს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი ადგილი არის მოლაპარაკებების მაგიდა, ამ კრიზისის განმუხტვის გზა არის კონსენსუსი.

ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალისხმევა, რომ ეს კრიზისი დასრულდეს მშვიდობიანად და მოლაპარაკებებით. ხელისუფლების ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ მათ ინტერესებში ამ პროცესის მოლაპარაკებების გზით დასრულება არ შედის. ჩვენ კომპრომისისთვის მზაობას გამოვთქვამდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამის დასტურია არაერთი შეთავაზება და არაერთი მოქნილი პოზიცია, რომელიც ჩვენ დავიკავეთ. ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვიხილოთ ხელისუფლებისგან წამოსული კომპრომისული წინადადებები, მაგრამ თუკი ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ეს კომპრომისის რესურსი მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იქნება ათვისებული და ხელისუფლებას არ დასჭირდება შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა, ეს არის არასწორი. მოლაპარაკებაში ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაც, რომ შედგეს შეთანხმება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.