საბა აბულაშვილი მსოფლიო რაგბის ალაფის ფინალში იმსაჯებს #1TVSPORT
საბა აბულაშვილი მსოფლიო რაგბის ალაფის ფინალში იმსაჯებს #1TVSPORT

ქართველი არბიტრი საბა აბულაშვილი 30 ივლისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის ფინალს იმსაჯებს, რომლის გამარჯვებული გაისად ჩემპიონატზე ითამაშებს.

კენიაში მიმდინარე ალაფის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ურუგვაი შეხვდებიან. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთმა სამოას 28:10 მოუგო, ხოლო ურუგვაიმ შოტლანდიას 37:26 სძლია. ფინალური შეხვედრა 30 ივლისს, საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საბა აბულაშვილი: „საინტერესო ტურნირი გამოვიდა. ურუგვაი და ესპანეთი პირველად არიან ალაფის ფინალში და, შესაბამისად, გამარჯვებული გაისად ჩემპიონატის დებიუტანტი იქნება. ტურნირზე პირველ ტურში, სამოასა და კენიის ნაკრებების (34:25) შეხვედრა ვიმსაჯე, რომელიც რთული გამოდგა. ხშირი იყო ჯარიმები, უხეშობები, ხუთჯერ მომიწია ბარათის გამოყენება. ეს თამაში ძალიან კარგად შეფასდა, შემდეგ ორ მატჩში კიდის მსაჯი ვიყავი, ახლა კი ფინალში მოედნის მსაჯად დავინიშნე.

ესპანეთი და ურუგვაი თანაბარი დონის გუნდები არიან. ვფიქრობ, დაძაბული და საინტერესო ფინალი იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამოცანას კარგად გავართვა თავი, რათა შემდგომში უფრო მაღალი დონის მატჩებზე დავინიშნო“.