რუუდ გულიტი - თუ გვარდიოლამ გუნდიდან წასვლა მოინდომა, ეს ჩემთვის სავსებით გასაგები იქნება
„ჩემთვის სავსებით გასაგები იქნება, თუ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას მოისურვებს“, – განაცხადა ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციასთან (BBC) ინტერვიუში ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი უეფამ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და საკმაოდ მკაცრი სასჯელი გამოუტანა – ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგიდან და ჯარიმა 30 მილიონი ევროს ოდენობით.
„ჩემთვის გასაგები იქნება, თუ პეპი გუნდს დატოვებს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს“, – განაცხადა გულიტმა, რომელიც 1996-98 წლებში ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იყო. – „არა მგონია, ის ვალდებული იყოს უერთგულოს ისეთ რამეს, რაც არასწორად იყო გაკეთებული“.
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ, 2009 და 2011 წლებში მოიგო, თუმცა ამ წარმატების გამეორება ვერც მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად შეძლო და ვერც „მანჩესტერ სიტისთან“.
ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე, „სიტიში“ გატარებულ პერიოდს წარუმატებლობად ჩათვლის.