რუსული სპორტი სრულ იზოლაციაში მოექცა - ფიფა-მ, უეფა-მ, სოკ-მა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ და ევროლიგამ ხისტი გადაწყვეტილებები მიიღეს #1TVSPORT
რუსული სპორტი სრულ იზოლაციაში მოექცა - ფიფა-მ, უეფა-მ, სოკ-მა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ და ევროლიგამ ხისტი გადაწყვეტილებები მიიღეს #1TVSPORT

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ სერიოზული ზიანი მიაყენა რუსულ სპორტს. უახლოეს მომავალში პრაქტიკულად ყველა დიდი ტურნირი სპორტის ყველა სახეობაში რუსი სპორტსმენების გარეშე ჩაივლის.

 

ფეხბურთი

ფიფა-მ და უეფა-მ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათი ეგიდით გამართულ ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას რუსული გუნდები.

კერძოდ, რუსეთის ნაკრებს აუკრძალეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაში პოლონეთის ნაკრებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალერი კარპინის გუნდი ვერ გავა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე.

გარდა ამისა, 2021-22 წლების ევროტურნირებს ჩამოაშორეს ერთადერთი შემორჩენილი რუსული გუნდი მოსკოვის „სპარტაკი“. ის გასული იყო ევროპის ლიგის მერვედფინალში, სადაც „ლაიპციგს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ, ახლა, გერმანული კლუბი უბრძოლველად გავა მეოთხედფინალში.

„ფეხბურთი ერთიანია ამ საკითხში და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო. ფიფა-სა და უეფა-ს პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია უკრაინაში მალე დალაგდება და ფეხბურთი ისევ გახდება ერთიანობისა და მშვიდობის ორიენტირი“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

* * *

პარალელურად, უეფა-მ ყველა ტურნირზე „გაზპრომთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ეხება ყველა ხელშეკრულებას, მათ შორის ჩემპიონთა ლიგასა და ევრო 2024-ს.

„გაზპრომი:“ 2012 წლიდან იყო ჩემპიონთა ლიგის სპონსორი. გასულ წელს, რუსულმა ენერგოგიგანტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა უეფა-სთან, რომელიც 2024 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ძალაში.

 

ოლიმპიური სახეობები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მოუწოდა საერთაშორისო ფედერაციებსა და ტურნირების ორგანიზატორებს – არ მისცენ მონაწილეობის საშუალება რუს და ბელარუს სპორტსმენებს. და თუ რომელიმე ტურნირზე მაინც გამოჩნდებიან ამ ქვეყნების სპორტსმენები, მათ იქ ნეიტრალური ათლეტების სტატუსით უნდა იასპარეზონ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა უწოდა.

 

ჰოკეი

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა საერთაშორისო ტურნირებიდან და მატჩებიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრების ჩამოშორების შესახებ.

რუსი და ბელარუსი ჰოკეისტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ფინეთში გაიმართება.

გარდა ამისა, ზაფხულში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს რუსეთის ნაკრები. და კიდევ, რუსულ მხარეს ჩამოერთვა ამავე ტურნირის მასპინძლობის უფლება 2022 წლის დეკემბერში.

 

კალათბურთი

საკალათბურთო ევროლიგის საბჭომ შეაჩერა რუსი გუნდების მონაწილეობა ორ მთავარ საკლუბო ტურნირზე – ევროლიგასა და ევროთასზე.

სანქციები შეეხო ოთხ კლუბს – ცსკა-ს, „ზენიტს“, უნიქს-სა (ევროლიგა) და „ლოკომოტივ-ყუბანს“ (ევროთასი).