რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, სპორტის ყოფილი მინისტრი ვიტალი მუტკო მომავალ კვირას დატოვებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტს, – ირწმუნება გაზეთი “კომერსანტი”. ის გადადგომის შესახებ სამშაბათს, 26 დეკემბერს კავშირის აღმასკომის სხდომაზე გამოაცხადებს.
როგორც “კომერსანტი” წერს, მუტკოს საკუთარი ინიციატივით გადადგომა ფიფა-ს მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. ეს ზეწოლა კი რუსეთში არსებული დოპინ-კრიზისიდან მოდის. მუტკო იმ რუს ჩინოვნიკებს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დეკემბერის დასაწყისში სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება. გარდა ამისა, ფიფა ატარებს გამოძიებას იმ 34 რუსი ფეხბურთელის საქმეზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დოპინგის მიღებაში.
ვარაუდობენ, რომ მუტკოს ადგილს რუსეთის საფეხბურთო კავშირში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი სოროკინი დაიკავებს.