რუსული მედიაც აღიარებს - უკრაინაში შეჭრამ, შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატიდან ლეგიონერების მასობრივი წასვლა გამოიწვიოს #1TVSPORT
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდებს უკრაინაში აგრესიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ – ამას თავად რუსეთში აღიარებენ.
გამოცემა „სპორტ24“-მა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, თუ რა პრობლემები ელით რუსულ კლუბებს.
„შეიარაღებული ოპერაცია უკრაინაში სერიოზულად ემუქრება რუსეთის ფეხბურთს და კლუბებს
იმან, რაც უკრაინაში ხდება, შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს კონკრეტულად სპორტსა და ფეხბურთზე. რუსული საფეხბურთო კლუბების მიმართ სანქციებთან დაკავშირებული მუქარის გარდა (ამჟამად ეკონომიკური დარტყმა იგეგმება მხოლოდ ცსკა-სთვის), რუსეთის პრემიერლიგა სხვა შესაძლო პრობლემებს წააწყდება.
პირველ რიგში, რუსეთის ჩემპიონატის განახლება შეიძლება გადაიდოს. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა, რომ „უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო“, სამხრეთ რუსეთის რამდენიმე აეროპორტის მიმართულებით ფრენები დროებით შეზღუდულია. განსაკუთრებული მდგომარეობა მინიმუმ 2 მარტამდე გაგრძელდება, ანუ მე-19 ტურის დაგეგმილი მატჩების დამთავრებიდან რამდენიმე დღეში დასრულდება.
მეორეც, რუსული ფეხბურთი სერიოზული ეკონომიკური გამოცდის წინაშე დადგება. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში დოლარისა და ევროს კურსი რუბლის მიმართ ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. ამან, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატიდან გამოიწვიოს ლეგიონერების მასობრივი წასვლა.
მაშინ როდის ვაპირებთ თამაშს? არ ვიცი. ხელფასები? ჩვენ ვიხდით რუბლებით, ყველაფერი რუბლზეა მიბმული. შეუძლიათ ლეგიონერებს „ურალის“ დატოვება? ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – აცხადებს „სპორტ24“-თან ინტერვიუში „ურალის“ პრეზიდენტი გრიგორი ივანოვი (ამ გუნდში საქართველოს ახალგარზდული ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე თამაშობს, ახლახანს კი 18 წლის ლუკა წულუკიძე ჩაირიცხა).
უცხოელი მოთამაშეების მხრივ RPL უკვე ზარალდება. გამოცემა Fotbollskanalen-მა მოიყვანა შვედური „ჰამარბიუს“ პრეზიდენტის, მატიას ფრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბმა ნახევარმცველის, სვედბერგის მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაყიდვაზე უარი სწორედ უკრაინაში დაწყებული ოპერაციის გამო თქვა. გარდა ამისა, ჟურნალისტ მაქსიმ ფრიდმანის თქმით, ცსკა-ს რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი ერთბაშად უარს ამბობს რუსეთში დაბრუნებაზე.
დიდმა ბრიტანეთმა „აეროფლოტისა“ და „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება მოსკოვის „დინამოზე“ – „ვითიბი“ მოსკოვური კლუბის აქციების 99 პროცენტს ფლობს.