არაფერი ახალი არაა – საქართველოს დაცვის სურვილსა და სიყვარულს რუსული მედია ანტირუსულ გამოხტომას უწოდებს.
საქმე ისაა, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გუნდები გამოვიდნენ მაისურებით, სადაც საქართველო იყო გამოსახული და ეწერა – „მახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.
ამ ფაქტს ცნობილმა რუსულმა გამოცემამ, „სპორტ-ეკსპრესმა“ წერილი მიუძღვნა.
„საქართველოს კლუბების ფეხბურთელები მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ. როგორ დაიწყო ეს? 20 ივნისს კონფლიქტი მოხდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვსა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით. ამის შემდეგ ქვეყანაში დემონსტრაციები დაიწყო. 21 ივნისს კი (რუსეთის პრეზიდენტის მიერ) ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო რეისები შეჩერდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის მე-19 ტურის რამდენიმე ქართული კლუბის ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ მაისურებით, სადაც ანტირუსული ლოზუნგები იყო. მაგალითად, ქუთაისის „ტორპედო“ მოთამაშეები წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე მოედანზე გამოჩნდნენ შავი მაისურებით, რომლის წარწერებზეც ამტკიცებენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული. ასეთივე მაისურებით გავიდნენ მოედანზე „რუსთავის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები“, – წერს „სპორტ-ეკსპერესი“.
რუსული მედიისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ეს მაისურები „ტორპედოს“ ორმა მოთამაშემ მოირგო, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან – ნოდარ ქავთარაძემ და ვახტანგ ნებიერიძემ.
მათთვის გამაღიზიანებელი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოხმაურებაც, რომელმაც გუნდების პოზიცია გაიზიარა. აქვე ვიტყვით, რომ ანტისაოკუპაციო აქციას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა გუნდი შეუერთდა და არა მხოლოდ ოთხი გუნდი, როგორც ამას რუსული მედია ამტკიცებს.