ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა სიმაღლეზე ხტომაში, რუსმა მარია ლასიცკენემ განაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს, თუ ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს ისევ ჩამოართმევენ ლიცენზიას. თანამედროვე მძლეოსნობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი აპირებს ბრძოლას 2020 წლის ოლიმპიადაზე მოსახვედრად.
„ბოლო დროს უკვე ბევრჯერ ვთქვი – არ გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ ტოკიოში მონაწილეობის უფლება გვექნება. და აქ საქმე ემოციებში არ არის. არც იმაში, რომ მე თითქოს არაფერი ვიცი, როგორც სურთ ზოგიერთებს წარმოიდგინონ. ჩვენ საკმარისი ვიცით იმისთვის, რომ ამგვარად ვიფიქროთ. მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი ვარიანტისთვის. თუ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ისევ ჩამოართმევენ ლიცენზიას, ჩვენ რუსეთის ფარგლებს გარეთ წავალთ სავარჯიშოდ, რათა ხელმისაწვდომები ვიყოთ საერთაშორისო დოპინგ-ოფიცრებისთვის. მე მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის ტესტირებაში გავდივარ, ასე რომ, ეს უნდა დამეხმაროს.
ჩვენ ისეთები აღარ ვართ, როგორიც რიოს ოლიმპიადის წინ. ახლა, ბოლომდე დავიცავთ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას. არანაირ კოლექტიურ სარჩელზე ხელს აღარ მოვაწერთ. თუ საჭირო იქნება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა, ამასაც გავაკეთებ და საკუთარი თავისთვის ვიბრძოლებ. არ ვაპირებ ზედიზედ მეორე ოლიმპიადის გამოტოვებას ვიღაც გაუგებარი ადამიანების გამო, რომლებიც პატიოსნად არ აკეთებენ თავიანთ საქმეს.
არ მინდა განსაკუთრებული კომენტარი იმაზე, რომ არ აღუდგინეს სტატუსი რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ამ სიტუაციაში მძევლები არიან სპორტსმენები და არა ფედერაციის ხელმძღვანელობა“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ 26 წლის ლასიცკენემ.
რუსმა მძლეოსანმა მოიგო მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატი. 2017 წელს, ლონდონში ის ნეიტრალური დროშით გამოდიოდა.