რუსული კლუბიდან კიდევ ერთი ქართველი გაუშვეს - „ურალმა“ ჭანტურიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა
რუსული კლუბიდან კიდევ ერთი ქართველი გაუშვეს - „ურალმა“ ჭანტურიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

რუსეთის კლუბიდან კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე გაუშვეს – ეკატერინბურგის „ურალის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, გიორგი ჭანტურია გუნდში აღარ ითამაშებს.

„ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ჩვენს გუნდს ტოვებს. ფეხბურთელთან ხელშეკრულება მხარეების ურთიერთშეთანხმებით შეწყდა“ – წერია „ურალის“ განცხადებაში.

მომხდარის მიზეზი მინიშნებულია განცხადების ბოლოში, სადაც გიორგის ტრავმის არქონას უსურვებენ. 25 წლის ქართველის გუნდიდან წამოსვლის მიზეზი ხშირი ტრავმები გახდა, რის გამოც, მიმდინარე სეზონში, ჭანტურიამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა – რუსეთის თასის 1/8 ფინალში ნიჟნი ნოვგოროდის „ოლიმპთან“ (2:0) და მაშინაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

25 წლის ქართველი „ურალში“ 2016 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს და ამ სამ წელიწადში მხოლოდ 33 შეხვედრა ჩატარა და 7 გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჭანტურია პირველი ქართველი არაა, რომელიც რუსული კლუბიდან გაუშვეს: გიორგი ლორიას სამარის „კრილია სოვეტოვი“ სეზონის მსვლელობის დროს შეელია, ზამთრის შესვენებაზე კი მისი ბედი თორნიკე ოქრიაშვილმა („კრასნოდარი”) და ჯანო ანანიძემ (მოსკოვის „სპარტაკი”) გაიზიარეს. ახალ გუნდში ჯერ მხოლოდ ანანიძე („კრილია სოვეტოვი“) გადავიდა.