რუსული გამოცემა - კვარაცხელია პოსტკარანტინულ პერიოდში პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსულმა გამოცემა „რეალნოე ვრემიამ“ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პოსტკარანტინული პერიოდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
გამოცემამ პოსტკარანინული პერიოდის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეული შეადგინა და რაც ყველაზე უცნაურია, კვარაცხელია პირველზე გაიყვანა და რუსეთის ნაკრების წევრებზე მაღლა დააყენა.
„ზამთრის შესვენების შემდეგ, „რუბინი“ სამარას „კრილია სოვეტოვს“ რომ მასპინძლობდა, მასპინძელებს თამაში არ აეწყოთ, პირველი ნახევრის ბოლოს კი ყაზანელთა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და მკაცრად გააკრიტიკეს. ყველამ თქვა, რომ კვარაცხელიაზე ავანსები ნაადრევი გასცეს. კოვიდპაუზის შემდეგ მისმა თამაშმა სკეპტიკოსები გააჩუმა. მართალია, კვარაცხელიას სტატისტიკა შთამბეჭდავი არაა – 1 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. თუმცა, კვარაცხელია „რუბინში“ ყველაზე სასარგებლო და კაშკაშა მოთამაშეა. ბევრმა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის ყაზანში არ დარჩება. იმედი ვიქონიოთ, რომ პირიქით იქნება“, – წერს გამოცემა.