რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ვალერი გაზაევის გარშემო სკანდალი აგორდა. საინტერესოა, რომ ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, რუსეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის მიმართ მედიაში გაჟღერებულ ბრალდებებში ქართული გუნდის თავკაცი, მისი შვილი ვლადიმერ გაზაევი მოიხსენიეს.
„ვალერი გაზაევი დაკავშირებულია ესპანურ კომპანიასთან, რომელიც მალაგაშია დარეგისტრირებული”, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვოლონტიერები, რომლებიც ანტიკორუფციულ პროექტ ”მუნიციპალური სკანერში” მონაწილეობდნენ.
კვლევის ავტორებმა გაზაევის მიერ 2017 წელს შევსებული შემოსავლების დეკლარაცია მოიშველიეს, საიდანაც ჩანს, რომ დეპუტატი ესპანეთში მიწის ნაკვეთსა და სახლს ფლობს, ხოლო ესპანური ფირმის MARCH-MURCH 2011 SL დირექტორად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდის, ”რუსთავის” მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ გაზაევია მითითებული.
ვლადიმერ გაზაევი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ვალერი გაზაევის ვაჟია. კვლევის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ შვილი 2018 წლიდან მეორე ესპანური კომპანიის, VGMO DEPORTES COSTA DEL SOL SL დირექტორიც გახდა. ამაზე დაყრდნობით, ანტიკორუფციული კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ მამამ, ვალერი გაზაევმა კანონმდებლობა დაარღვია და დეპუტატის მანდატი უნდა დათმოს.
რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში თავად ვალერი გაზაევმა ამ ინფორმაციას ბლეფი უწოდა.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო დუმის ოფიციალური გვერდის ცნობით, ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ვალერი გაზაევს დეპუტატებს შორის ყველაზე მაღალი ოფიციალური შემოსავალი გააჩნია – 25,5 მილიონი რუბლი, რაც მიახლოებით 406 ათასი დოლარია.