რუსთავში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება #1TVSPORT
რუსთავში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება #1TVSPORT

რუსთავში ახალი, უეფა-ს სტანდარტების სტადიონი აშენდება – ამის შესახებ რუსთაველმა დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა „ინფო-რუსთავთან“ განაცხადა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ფეხბურთი რუსთავში. გვჭირდება ინფრასტრუქტურა და სტადიონის რეაბილიტაცია. ამ საქმეში სპეციალისტები ჩართულები არიან, ფეხბურთის ფედერაციასთანაც აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქალაქმა მიიღოს ისეთი სტადიონი, რომელიც უეფა-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

რეკომენდაციებს ვიღებთ, რომ არსებული ნაგებობა დასანგრევია და ახალი სტადიონია ასაშენებელი. თავიდან ვიფიქრეთ, რომ სტადიონის რეაბილიტაცია მოხერხდებოდა, მაგრამ ის საერთაშორისო სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს და ევრტურნირების მასპინძლობა ვერ მოხერხდება.

როდესაც ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება, ბავშვებს სხვა სივრცე უნდა დავუთმოთ. მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 21-ე მიკრორაიონში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის გვერდით, განხორციელდეს 3-4 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, აშენდეს ბაზა, რომელიც რუსთაველი ბავშვებისთვის და რუსთავის კლუბისთვის იქნება განკუთვნილი“, – ამბობს ალექსანდრე დალაქიშვილი.

რუსთავის სტადიონი „ფოლადი“ 1948 წელს გაიხსნა. მისი გენერალური რეკონსტრუქცია 1985 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველოში 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. 2009 წელს სტადიონი კიდევ ერთხელ განახლდა.

ამჟამად სტადიონი არათუ უეფა-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ეროვნული დონის ტურნირებსაც ვერ მასპინძლობს. სტადიონის განახლებას მეპატრონესთან შეუთანხმებლობაც ართულებდა.