„რუსთავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - პლეი-აუტის ორივე მონაწილე ცნობილია
„რუსთავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - პლეი-აუტის ორივე მონაწილე ცნობილია

„რუსთავმა“ „სამტრედია“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ მატჩით დაიწყო ეროვნული საფეხბურთო ლიგის 35-ე ტური, რომელშიც რუსთაველებმა „სამტრედიას“ უმასპინძლეს. შეხვედრის ანგარიში მათთვის ბევრს წყვეტდა. „მიხეილ მესხზე“ გამართულ ამ შეხვედრაში „რუსთავი“ მე-14 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა. 67-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ დააფიქსირა – „რუსთავმა“ 3:0 მოიგო.

ამ გამარჯვებით „რუსთავმა“ 37 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ 6 ქულით გაასწრო „სიონს“, რომელიც ხვალ თბილისში ქუთაისის „ტორპოედოს“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ბოლნისელებისთვის უკეთესობისკენ ვეღარაფერს ვეღარ შეცვლის, რადგან „სამტრედიასთან“ მოგებით, „რუსთავმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამგვარად, უკვე გაირკვა სამივე უიღბლო გუნდი: ეროვნული ლიგიდან გავარდა ფოთის „კოლხეთი“, ხოლო „სიონი“ და „სამტერდია“ პლეი-აუტში ითამაშებენ.

ხვალ კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება:

სამშაბათი, 4 დეკემბერი

„კოლხეთი 1913“ – „დინამო თბილისი“ | „პარკი არენა“, ფოთი

„სიონი“ – „ტორპედო“ | „მიხეილ მესხი 2“, თბილისი

„დილა“ – „ლოკომოტივი“ | „თენგიზ ბურჯანაძე“, გორი

„საბურთალო“ – „ჩიხურა“ | „მიხეილ მესხი“, თბილისი