რუსლან აბაშიძე - სოხუმის „დინამომ“ მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო
რუსლან აბაშიძე - სოხუმის „დინამომ“ მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ავჭალაში სოხუმის „დინამოს“ მიერ საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე გააკეთა.

„ქართულ ფეხბურთს დიდი ტრადიციები ჰქონდა, რაც დიდწილად აფხაზეთსა და სოხუმის „დინამოს“ უკავშირდება. ამ გუნდში ქართული ფეხბურთის ლეგენდები გაიზარდნენ და მიმაჩნია, რომ ამ ტრადიციის შენარჩუნება და გუნდის სახელის გაფრთხილება უმნიშვნელოვანესი საქმეა. სოხუმის „დინამოს“ მიერ წამოწყებული საფეხბურთო ცენტრების დაფუძნების პროექტი ამიტომაა დასაფასებელი. ამ საქმეში გუნდის აქტივობა და ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის თანადგომა აუცილებელია. ეს ინიციატივა და პროექტი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს, რათა უპირველესად, მოემსახუროს ჩვენს დევნილ ბავშვებს. ის ტრადიციები, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთს გააჩნია, უნდა შევინარჩუნოთ და განვავრცოთ“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რუსლან აბაშიძემ.

სოხუმის „დინამომ“ თბილისის და ქვეყნის მაშტაბით 20 საფეხბურთო ცენტრის პროექტის განხორციელება დაიწყო. 2020 წლის ბოლოს, გუნდმა პირველი ცენტრი ზემო ფონიჭალაში გახსნა, ხოლო 1 თებერვალს ავჭალაში, უწერის ქუჩაზე.