რუსი კომენტატორი ორი „ლოკომოტივის“ მატჩზე - თბილისელები მოსკოველ „რკინიგზელებზე“ საგრძნობლად ძლიერები იყვნენ
რუსი კომენტატორი ორი „ლოკომოტივის“ მატჩზე - თბილისელები მოსკოველ „რკინიგზელებზე“ საგრძნობლად ძლიერები იყვნენ

თბილისის და მოსკოვის „ლოკომოტივების“ ამხანაგური შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელად ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:0.

გამარჯვებულებიდან გოლები გაიტანეს იმრან ომარმა (დუბლი) და ირაკლი სიხარულიძემ, ერთი მოსკოველთა მცველმა ვიტალი ლისტოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

მატჩის რეპორტაჟი მოსკოვის „ლოკომოტივის“ საკლუბო იუთუბ-არხზე გადაიცემოდა, სადაც კომენტატორი თბილისელთა თამაშით გაოცებას ვერ მალავდა.

„თბილისელები დარბიან და დარბიან, ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურებიან.“

„აი, მათი ცნობილი კონტრშეტევა. ტაიმის ბოლოს არანაირი დაღლილობა არ ეტყობათ. საუკეთესო დისციპლინა აქვთ.“

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისელებს რიცხობრივი უპირატესობა აქვთ.“

„იმედია, მსაჯი თამაშს დროს არ დაამატებს.“

„შეკრებაზე გუნდს (მოსკოვის „ლოკომოტივს“) ყველა მატჩში 4-4 გოლი გაჰქონდა, დღეს კი ნამდვილი „ცივი შხაპი“ მიიღო, შესაძლოა, ეს გუნდს წაადგეს კიდეც.“

„ვერ ვიტყვი, რომ შედეგი სამართლიანი არაა. თბილისელებმა გოლების გარდა სხვა მომენტებიც შექმნეს.“

ამხანაგური მატჩის მსვლელობას ყველაზე საუკეთესოდ მაინც კომენტატორის მიერ ბოლო წამებზე ნათქვამი ფრაზა ასახავდა, – „თბილისელი „რკინიგზელები“ უფრო ძლიერები იყვნენ, საგრძნობლად ძლიერები.“