რუსმა სპორტის ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა შემდეგ სეზონზე ყაზანის „რუბინის“ პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და ასევე ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას დიდ პოტენციალზე გაამახვილა.
„ჩემპიონატის ლიდერთა ხუთეული მომავალ სეზონზე ექვსეულად გადაიქცევა. ხუთეულის გუნდებს „რუბინი“ დაემატება. სიმართლე გითხრათ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული ვარ. თუ „რუბინი“ მოახერხებს ამ მოთამაშის შენარჩუნებას, მაშინ ალბათ ჩვენ მივიღებთ არშავინის დონის ფეხბურთელს. ასეთი მოთამაშე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში საუკეთესო იქნება, რასაკვირველია, თუ მას მანამდე არ გაყიდიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, „რუბინთან“ რა სახის კონტრაქტი აქვს. ჯერჯერობით, ის ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც შესაძლებლობების ზღვარი არ გააჩნია“, – ამბობს რუსი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი „როსტოვთან“ (0:0) მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ერთდროულად რამდენიმე გამოცემის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.