რუსეთში ორი უცნობი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა - საინტერესო ამბავი საქართველოს ნაკრებებისთვის
რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ „ტამბოვის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა – მარჯვენა ცენტრალურ მცველად ზურაბ გიგაშვილი იყო, ცენტრალურ ნახევარმცველად კი ვლადიმირ კობახიძემ ითამაშა.
ზურაბ გიგაშვილი 2001 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 19 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე „კაიოლუსპორის“ აკადემიაში თამაშობდა, 2015–2018 წლებში კი „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობდა. 2019 წლის ივლისში მან დატოვა თურქეთი, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია. 28 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა „ტამბოვთან“. მდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ძირითად შემადგენლობაში. სადებიუტო მატჩი 5 დეკემბერს, მოსკოვის „სპარტაკთან“ გასვლით მატჩში (1:5) ჰქონდა. „რუბინთან“ კი გუნდის ფორმა მეორედ მოირგო.
21 წლის ვლადიმირ კობახიძეც „ტამბოვის“ შემადგენლობაში 2020 წელს ჩაირიცხა. 1999 წლის 9 სექტემბერს კრასნოდარში დაბადებული ქართველი რუსეთის მოქალაქეა. ვარჯიშობდა „კრასნოდარში“, 2014-2017 წლებში მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა, რომლის ფორმითაც იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩი ითამაშა – 2016 წლის 2 ნოემბერს „მონაკოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში (5: 0) მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. 2017/18 წლების სეზონში ტულას „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში 8 მატჩი ჩაატარა. 2018 წლის აპრილი – ივნისში კრასნოდარის მხარის ჩემპიონატში „ოლიმპ-უნივერსიტეტის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა. 2018/19 წლების სეზონი უკლუბოდ იყო, შემდეგ სეზონში კი „ტამბოვში“ გადავიდა. მისი დებიუტი შედგა რუსეთის ჩემპიონატში 2020 წლის 21 ივნისს, „უფასთან“ გასვლით მატჩში (1:2). სულ გუნდის ფორმა 7-ჯერ მოირგო, ორჯერ კი ძირითად შემადგენლობში იყო.