რუსეთო, რას აკეთებ, გონს მოდი - უკრაინის ნაკრების ვეტერანი სერგეი რებროვი მომხდარით გაოგნებულია #1TVSPORT
რუსეთო, რას აკეთებ, გონს მოდი - უკრაინის ნაკრების ვეტერანი სერგეი რებროვი მომხდარით გაოგნებულია #1TVSPORT

უკრაინელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი სერგეი რებროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრით შოკირებულია და ოკუპანტებზე გაბრაზებულმა ისაუბრა. სერგეი რებროვი უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ემოციებს არ მალავდა:

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, ჩემი მშობლიური ქვეყნის მიმართ მტრის დამანგრეველი ქმედებების გამო აღშფოთება რომ გამოვხატო. ჩემთვის ეს მხოლოდ სამშობლო არ არის – ჩემთვის ეს საუკეთესო ქვეყანაა. სადაც არ უნდა ვითამაშო და ვიმუშაო, ყოველთვის გულით უკრაინასთან ვიყავი. დღეს სამშობლოსგან შორს ყოფნისას არ შემიძლია აღშფოთება დავმალო. რუსეთო, რას აკეთებ, გონს მოდი! უკრაინა, მთელი მსოფლიო შენთანაა! ღმერთი შენთან არის, უკრაინა! მოითმინეთ, სიმართლე ჩვენსკენაა“, – თქვა სერგეი რებროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და სარაკეტო დარტყმები მიაყენა ქვეყნის ბევრ ქალაქს, მათ შორის კიევს. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და ოკუპანტები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.

სერგეი რებროვმა კარიერა 1991 წელს დაიწყო დონეცკის „შახტარში“, მომდევნო წელს კი კიევის „დინამოში“ გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა ბრწყინვალე თამაშით და ანდრეი შევჩენკოსთან შექმნილი თავდასხმის დუეტით. „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ მეწყვილის მსგავსი საერთაშორისო კარიერა ვერ მოიწყო, თუმცა უსაქმოდ არ ყოფილა და წლების განმავლობაში გამორჩეული კლუბების, „ფენერბახჩეს“, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“, კვლავ კიევის „დინამოს“ და ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავდა.

რებროვმა ორჯერ მოიპოვა უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (1996, 1998), სამჯერ იყო უკრაინის ჩემპიონატის სეზონის ფეხბურთელი, 1997 წელს კი ბომბარდირი გახდა, ასევე ტურნირის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია. უკრაინის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი და 15 გოლი გაიტანა, ნაკრებთან ერთად იასპარეზა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი მსოფლიო პირველობა იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ რებროვმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და კიევის „დინამო“ ჩაიბარა, რომელთან ერთადაც პირველივე წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა და მშობლიური კლუბის, „შახტარის“ ჰეგემონია დაამხო. შემდეგ წვრთნიდა უნგრულ „ფერენცვაროშს“, რომელიც ზედიზედ გახადა ქვეყნის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ამჟამად, ის არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბში, „ალ აინში“ მუშაობს.