რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება
შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მედიას განუცხადეს, რომ ამ გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება კონფლიქტში ჩართულად.
გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში საზღვაო ზონები დროებით სანაოსნოდ სახიფათოდ გამოცხადდა.
„მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები გაცემულია დადგენილი წესით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.