რუსეთის საზღვარზე 25-საათიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს ბრეიქინგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა #1TVSPORT
დღეს, ქალაქ სოჭში გაიმართება ბრეიქინგის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის 150 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები უკვე იმყოფება ადგილზე და ემზადება ჩემპიონატისთვის. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ 2021 წლის საქართველოს ჩემპიონი ზაზა ხოხობაშვილი და ვიცე-ჩემპიონი საბა ქიტიაშვილი. სამწუხაროდ, ნაკრების გამგზავრებას საზღვარზე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია და სპორტსმენებს 25 საათი მოუწიათ ლოდინი, რათა ისინი შეეშვათ რუსეთში.
„24 ივნისს მთელი დღე მოუწიათ ბიჭებს ლოდინი საზღვარზე, შემდეგ უკან დავაბრუნეთ ყაზბეგში ღამის გასათევად და მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს საზღვრის გადაკვეთა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბრეიქინგის ფედერაციამ აცნობა საერთაშორისო ფედერაციას და ღონისძიების დასრულების შემდეგ ოფიციალური წერილით მივმართავთ, რომ მომავალში საერთაშორისო ფედერაციამ თავი შეიკავოს რუსეთში დიდი ღონისძიებების გამართვისაგან“, – აღნიშნა საუბარში საქართველოს ბრეიქინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ბერუკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მიწურულს ბრეიქინგი გახდა ოლიმპიური სპორტის სახეობა. საქართველოში ფედერაცია დაარსდა 2020 წელს და 2021 წელს ჩაატარა პირველი ეროვნული ჩემპიონატი. დღევანდელი ევროპის ჩემპიონატი იქნება პირველი საერთაშორისო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები.