რუსეთის საფეხბურთო კავშირმა სასამართლოში გაასაჩივრა საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაცია #1TVSPORT
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) დაარეგისტრირა რუსეთის საფეხბურთო კავშირის აპელაცია უეფა-სა და ფიფა-ს გადაწყვეტილებაზე – ჩამოაშორონ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები საერთაშორისო ტურნირებს. ამის შესახებ CAS-ის პრესსამსახური იუწყება.
რუსეთის საფეხბურთო კავშირი ითხოვს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსგან გააუქმოს გადაწყვეტილება და აღადგინოს რუსული გუნდები ფიფა-სა და უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაში, უეფა-მ კი 2021-22 წლების ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი რუსული კლუბი მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოაშორა ევროპის ლიგის პლეი ოფს.