რუსეთის ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელი გაქურდეს - მოპარულია 50 მილიონი რუბლის სამკაულები და ფული
რუსეთის ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელი გაქურდეს - მოპარულია 50 მილიონი რუბლის სამკაულები და ფული

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ქალთა საფეხბურთო კომიტეტის თავმჯდომარის, პოლინა იუმაშევას ბინა გაძარცვეს – იუწყება „ტელეგრამ“ არხი „ბაზა“ (Baza).

წყაროს ცნობით, ქურდებს იუმაშევას საცხოვრებელში 9-10 მაისის ღამით შეაღწიეს. დამნაშავეები რუსეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ელიტარული სახლის მეშვიდე სართულზე შევიდნენ და სეიფში შენახული 50 მილიონი რუბლის ღირებულების (დააახლოებით, 680 ათასი დოლარი) სამკაულები და ფული მოიპარეს.

თუმცა, რუსეთის ქალთა საფეხბურთო კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, მას ზუსტად არც ახსოვს, სეიფში რა ჰქონდა შენახული, ზარალი კი მიახლოებითი შეფასებით დაიანგარიშა.

პოლინა იუმაშევას პერსონის მიმართ ინტერესი არა მხოლოდ ქურდობამ განაპირობა – ის ბორის ელცინის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილი და მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას ყოფილი მეუღლეა. ოთხი წლიდან, ჩოგბურთით იყო დაკავებული და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრების წევრიც იყო. 2018 წლის გაზაფხულზე, „ფორბსმა“ (Forbes) პოლინა იუმაშევას ქონება 500 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა.