რუსეთის ნაკრებს ბორჯღალოსნების დამარცხებისთვის უპრეცედენტოდ დიდ პრემიას დაჰპირდნენ
რუსული რაგბის თავკაცმა, იგორ არტემიევმა განაცხადა, რომ პრინციპული მეტოქის, საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხებისთვის რუსეთის ნაკრების მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები განსაკუთრებით დიდ პრემიას მიიღებენ.
„ჩვენ გავცემთ ძალიან დიდ პრემიას საქართველოს ნაკრების დამარცხების სანაცვლოდ, – ციტირებს იგორ არტემიევის სიტყვებს Sport24. – როგორც გახსოვთ, უკვე 25 წელია, ვერ ვახერხებთ ჩვენი პრინციპული მოწინააღმდეგის დამარცხებას.
ამ სეზონში კოვიდთან დაკავშირებული ისტორიის მიუხედავად, რუსეთში საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი ტურნირებთან მიმართებაში განსხვავებული სიტუაცია იყო. ეს ფაქტორი შესაძლოა, დაგვეხმაროს“, – იმედოვნებს რუსული რაგბის ხელმძღვანელი.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდები ერთანეთს 23-ჯერ დაუპირისპირდნენ და რუსებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, შორეულ 1993 წელს.
რაგბიში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები რუსეთის ეროვნულ გუნდს პირველ ნოემბერს, თბილისში შეხვდებიან.