რუსეთის ნაკრების მოთამაშე - ქართველებს იღბლით და მეკარით მოვუგეთ, კუპატაძე შესანიშნავი იყო #1TVSPORT
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ივან ჩიშკალამ, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ევრო 2022-ის მეოთხედფინალში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი გამარჯვება განაპირობა (1:3), აღიარა, რომ ურთულესი მატჩი ჩაატარეს.
„რის ხარჯზე მოვუგეთ დღეს ქართველებს? ეს იღბლის და ჩვენი მეკარის საიმედო თამაშის წყალობით მოვახერხეთ. ამავე დროს, ხასიათი გამოვავლინეთ. ჩვენ გვჯეროდა, რომ საქართველოს დავამარცხებდით და მთელი ძალები დავხარჯეთ. ყველამ ნახა, საქართველომ როგორი თამაში ჩაატარა – შესანიშნავი შეხვედრა იყო. ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა“, – განაცხადა ივან ჩიშკალამ.
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი განსაკუთრებით გამოარჩია:
„თითქოს, მომენტებს ვქმნიდით, კარში ვარტყამდით, მაგრამ მეკარე ზვიად კუპატაძემ შეხვედრა ისე ჩაატარა, ყველანაირი საქებარი სიტყვები ეკუთვნის“.
ჩიშკალას თქმით, ანგარიშის გათანაბრებამ მათ ფსიქოლოგიურად პრობლემები შეუქმნა:
„ყველა გოლი მნიშვნელოვანია. როდესაც მეტოქემ ანგარიში მალე გაათანაბრა, ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტი იყო. უპირატესობის შექმნა გართულდა. გოლი რომ გავიტანეთ, ცოტა მოვეშვით და ეგრევე გაგვიტანეს. კარგია, რომ მაინც მოვიგეთ, რადგან ეს მართლა ძალიან რთული შეხვედრა იყო. წინ ნახევარფინალია. არც ისე მნიშვნელოვანია, ვინ დაგვიპირისპირდება. ერთი მიზანი გვაქვს – ფინალში გასვლა და ოქროს მედლების მოპოვება“.
არტემ ნიაზოვი, რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი: „ბედნიერი ვარ, რადგან ამ ტურნირზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. რთული მატჩი იყო. საქართველოსთვის შესარჩევი ეტაპის მატჩებიც რთული იყო, მაგრამ მას შემდეგ ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ, ნამდვილი ბრძოლა იყო, მაგრამ მიხარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა“.