რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო - ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრების მეექვსე მეტოქე გაირკვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფში რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო ითამაშებს
19 მაისს მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩახსნის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთი ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება, რუსეთის ნაკრები ვეღარ ითამაშებს.
დღეს, 20 მაისს ფიბა-მ ევრობასკეტზე რუსეთის ნაცვლად მონტენეგროს დაშვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
მიზეზი მარტივად ასახსნელია: ევრობასკეტის შესარჩევზე სწორედ ამ გუნდს ჰქონდა ყველაზე კარგი შედეგი მათ შორის, ვინც საგზური ვერ მოიპოვა. მონტენეგრომ 6-დან 3 მატჩი მოიგო და შესარჩევი ჯგუფი მესამეზე დაასრულა, თუმცა რადგან მეოთხეადგილოსანი გერმანია ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, სლავების ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე „ბუნდესნაკრები“ გავიდა.
ასე და ამგვარად ევრობასკეტი 2022-ზე თბილისური ჯგუფი ასეთია: საქართველო, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი, ესპანეთი და მონტენეგრო.