თავისუფალი სტილით მოჭიდავე არტურ ტაიმაზოვს, რომელიც უზბეკეთის სახელით გამოდიოდა, 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ჩამოერთვა.
ტაიმაზოვი, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატია, 120-კილოგრამამდე წონაში გახდა ჩემპიონი. მოგვიანებით, ლონდონის ოლიმპიადის დოპინგ-ტესტების გადამოწმებამ მის სინჯში აღმოაჩინა სტეროიდი ორალ-ტურინაბოლი, – დაწერა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.
ტაიმაზოვისთვის ოქროს მედლის ჩამორთმევის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონობა უნდა მინიჭებოდა ქართველ დავით მოძმანაშვილს, მაგრამ ამა წლის იანვარში მისი შედეგები გაუქმდა ასევე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო. შესაბამისად, ამ წონას 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი არ ჰყავს.
სხვათა შორის, 2017 წელს, ტაიმაზოვს 2008 წლის ოლიმპიადის ოქროც ჩამოართვეს სინჯში ტურინაბოლისა და სტანოზოლოლის აღმოჩენის შემდეგ.
ტაიმაზოვი სახელმწიფო დუმის მე-7 მოწვევის დეპუტატია. ის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.