რუსეთი სამსაჯო დეპარტამენტის პორტუგალიელმა ხელმძღვანელმაც დატოვა #1TVSPORT
რუსეთი სამსაჯო დეპარტამენტის პორტუგალიელმა ხელმძღვანელმაც დატოვა #1TVSPORT

რუსეთის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტორ მანუელ მელუ პერეირა რუსეთიდან პორტუგალიაში გაემგზავრა – ამის შესახებ სპორტ-ეკსპრესი იუწყება.

მართალია, მომხადარის მიზეზებზე რუსული მედია არაფერს წერს, მაგრამ ეს უკრაინაში რუსულ აგრესიას უკავშირდება. წყაროს ცნობით, რუსეთის პრემიერლიგის მსაჯთა ბოლო შეხვედრა ჩაატარა არა მელუ პერეირამ, არამედ VAR-ის პროექტის ხელმძღვანელმა კირილ ვერხოლეტოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, მოსკოვის „ლოკომოტივი“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, მარკუს გისდოლმა დატოვა და რუსეთის მმართველი ელიტისთვის უსიამოვნო განცხადება გააკეთა, რომ მისთვის რთულია მუშაობა ქვეყანაში, რომელმაც ევროპის შუაგულში ომი წამოიწყო.

ამას გარდა, ფიფა-მ გამოაცხადა, რომ კლუბებთან ორმხრივი შეთანხმების არ არსებობის მიუხედავადაც, 10 მარტის შემდეგ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერების და მწვრთნელების კონტრაქტები გაბათილებული იქნება – ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ყველა სამუშაო კონტრაქტი ავტომატურად შეჩერებულად ჩაითვლება მხარეთა მხრიდან რაიმე ქმედების საჭიროების გარეშე.