„რუსეთი-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტი ფიფას ჩინოვნიკებზე ზემოქმედებდა
„რუსეთი-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტი ფიფას ჩინოვნიკებზე ზემოქმედებდა

„რუსეთი-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნების წინ,  ფიფას ყველა ჩინოვნიკზე დოსიე შეადგინა. დოსიეები შეიცავდა ამ ჩინოვნიკებზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს მათი ხმების მოსყიდვის მიზნით. ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-გამოცემა The Insider-მა ტელეგრამ-არხზე Black Mirror-ზე დაყრდნობით.

წყარომ გამოაქვეყნა მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სერგეი კაპკოვის მიმოწერის ფრაგმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ „რუსეთი-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური დირექტორის თანაშემწემ ალექსანდრ ჯორჯაძემ 2010 წლის მარტში სამ ადრესატს – კაპკოვს, არკადი დვორკოვიჩსა და ალექსანდრ პლუტნიკს გაუგზავნა წერილი სახელწოდებით: „ფიფას ჩინოვნიკების დოსიე“.

ფაილი შეიცავდა დოსიეს აღმასკომის თითოეულ წევრზე და წინადადებებს, როგორ მოეხდინათ თითოეულ მათგანზე ზემოქმედება. მაგალითად, ფრანც ბეკენბაუერის ხმა უნდა ეყიდათ „გულუხვი ანაზღაურებით“, ოღონდ მისი მრჩევლის მეშვეობით, მიშელ პლატინიზე ზემოქმედება კი უეფას კომერციული პარტნიორების დახმარებით უნდა ჰქონოდათ .

ბრიტანელ ჯეფ ტომპსონზე რეკომენდებულია ზეწოლა ცოლისთვის ძვირფასი საჩუქრებით, კვიპროსელი მარიოს ლეფკარიტისის მოსყიდვა შეიძლება 1.5 მილიონ ევროდ. კორეელ მონ-იუნ ჩუნგზე ზემოქმედება შესაძლებელია მისი ბიზნესის გავლით, ტაილანდელ ვორავი მაკუდისთან მიდგომა შეიძლება პირდაპირი ფინანური ანაზღაურებით. გარდა ამისა, იყო ფინანსური ანაზღაურებით მოლაპარაკების რჩევა ოკეანეთის (რეინალდ ტემარი) და აფრიკის (ისა ჰაიატუ, ამოს ადამუ, ჟაკ ანუმა) წარმომადგენლებთან. ამერიკელ ჩაკ ბლეიზერზე გასვლა კი შეიძლებოდა რომან აბრამოვიჩთან მისი შესაძლო ნაცნობობით, – წერია დოკუმენტში.

იმავე მიმოწერის სხვა დოკუმენტში ზუსტდება, რომ რუსული განაცხადის წარმატებისთვის, აუცილებელია დამყარდეს კონტაქტი აღმასკომის წევრების სანდო პირებთან, ასევე განისაზღვროს რუსულ ბიზნეს-ელიტაში პირები, რომელთა კომერციული ინტერესები იკვეთება აღმასკომის წევრთა ინტერესებთან, რადგან ზოგიერთი მათგანი მსხვილი ბიზნესმენი გახლავთ. ასევე იყო წინადადება ფიფას ხელმძღვანელობაზე მათი ორგანიზაციის სპონსორთა მეშვეობით ზემოქმედებაზე, აგრეთვე ზეწოლა ბლატერზე მისი ნათესავის საშუალებით, რომლის კომპანიაც ფიფას სატელევიზიო უფლებებს ფლობს.

2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში  მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი გამოცხადდა. რუსეთმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, როცა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო.