საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის სახეობების რუსულ ფედერაციებს გაუგზავნა ოფიციალური ინსტრუქცია – როგორი უნდა იყოს რუსი ოლიმპიელების ფორმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე.
რუსებისთვის ეკიპირების მომზადებისას, ფორმაზე არ უნდა იყოს განთავსებული ეროვნული სიმბოლიკა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა უნდა შეიცვალოს ოლიმპიური რგოლებით, ხოლო სავაჭრო ნიშანი Team Russia არ უნდა იქნეს გამოყენებული არც ერთ ეკიპირებაზე, აქსესუარსა თუ სპორტულ იარაღზე, ხოლო შრიფტი უნდა იყოს ინგლისური, თანაც, რაც შეიძლება უნივერსალური. ნებადართულია ეროვნული დროშის ერთი ან ორი ფერი, მაგრამ ცალკეული ნაწილებისგან არ უნდა დგებოდეს ეროვნული დროშა. სპორტულ ფორმაზე წარწერა RUS უნდა შეიცვალოს წარწერით OAR (Russia-ს ნაცვლად Olympic Athlete from Russia).
ყველა ეს ჩამოთვლილი პრინციპი ვრცელდება სპორტსმენებზე, მწვრთნელებსა და ოფიციალურ პირებზე.
მოგვიანებით, ინტერნეტში გავრცელდა რუსეთის ჰოკეის ნაკრების ფორმის დიზაინის პროექტი. მაისურები რუსული გუნდის ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი – წითელი (ძირითადი ვარიანტი) და თეთრი. ფორმა კომპანია Nike-ის მიერ არის შექმნილი.