რუსები ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებებს უარყოფენ
რუსები ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებებს უარყოფენ

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რუსეთის ანტისადოპინგო ცენტრის ყოფილი დირექტორის და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მთავარი ინფორმატორის, გრიგორ როდჩენკოვის ბრალდებებს, რითაც მან რუსეთი დოპინგ-პროგრამის შემუშავებაში, ამხილა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდეს.

„700 სპორტსმენის, მწვრთნელების, რუსეთის ნაკრების მედპერსონალის, რუსეთის სპორტული ფედერაციებისა და რუსეთის ნაკრების სპორტული მომზადების ცენტრის თანამშრომელთა, ასევე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს და ანტისადოპინგო ცენტრის წარმომადგენელთა დაკითხვის შედეგად, გამოძიებამ უარყო მაკლარენის დასკვნა და როდჩენკოვის უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთში სახელმწიფო დოპინგპროგრამის არსებობის შესახებ, რათა სპორტსმენებს მოეპოვებინათ მედლების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, გამოძიებამ ვერ დაადასტურა დოპინგ- ნიმუშების შეცვლის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები,“ – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნაში.


როდჩენკოვის წინააღმდეგ რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალად ედება სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შორის ისეთი პრეპარატების სისტემატური გავრცელება, რომელთა შემადგენლობის შესახებ მათთვის არ იყო ცნობილი. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეპარატები, რომელთაც როდჩენკოვი სპორტსმენებს გადასცემდა, აკრძალულ პრეპარატებს შეიცავდა.


საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის დოპინგ-მაქინაციებსა და დოპინგ- ნიმუშების შეცვლაში დადანაშაულებით, როდჩენკოვი ანტისადოპინგო ცენტრში თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას შეეცადა. როგორც საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, სწორედ როდჩენკოვი იყო დოპინგ-მაქინაციებში ჩართული და დოპინგ-სინჯებიც თავად შეცვალა, რადგან მას მიუწვდებოდა ხელი სინჯების ბანკზე.