რუს ტანმოვარჯიშეს, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი რუსულ აგრესისას, დისკვალიფიკაცია ელოდება #1TVSPORT
რუს ტანმოვარჯიშეს, ივან კულიაკს დისკვალიფიკაცია ემუქრება მას შემდეგ, რაც საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინაში რუსული აგრესიის მიმართ.
ყატარის ქალაქ დოჰაში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს თასის ეტაპზე 20 წლის კულიაკმა პარალელურ ორძელში მესამე ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ცერემონიისას მან ყველა აღაშფოთა იმით, რომ მაისურზე ასო Z დააწება – იმ ადგილას, სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო. სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული ტანკებსა და სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც დღეს უკრაინას უტევს.
კულიაკის ჟესტი ორმაგად პროვოკაციული იყო იმის გამო, რომ მის გვერდით პოდიუმზე უკრაინელი ილია კოვტუნი იდგა, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო. მოგვიანებით კულიაკმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ სურდა ყველას გაეგო, რომელ ქვეყანას წარმოადგენდა ის.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თხოვნით მიმართა ეთიკის ფონდს – აღძრას საქმე კულიაკის წინააღმდეგ „მისი გამაოგნებელი საქციელის გამო“. სავარაუდოდ, რუს ტანმოვარჯიშეს ჩამოართმევენ დოჰაში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს და გაურკვეველი ვადით აუკრძალავენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.